English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘
ინფორმაცია ახალი წიგნების შესახებ

1. ავთანდილ სილაგაძე. ეკონომიკური მეცნიერების სათავეებთან, რედაქტორი - აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თბ., 2018 წ. 151 გვ.

ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის ნაშრომში, მის და სხვა ცნობილ პუბლიკაციებზე დაყრდნობით, გამოკვლეულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეკონომიკური აზროვნების იდეები, რაც საფუძვლად დაედო ეკონომიკური მეცნიერების თანდათანობით ჩამოყალიბებას.

ნაშრომის პირველი თავი ეძღვნება ეკონომიკური აზროვნების უძველესი ნიმუშების დახასიათებას, რისთვისაც გამოკვეთილია პარაგრაფები: 1. ეგვიპტე, შუმერები, ერაყი; 2. ჩინეთი, კონფუცი, მენძი, გუანძი, დაოსიზმი; 3. ინდოეთი: მანუს კანონები და არტჰაშასტრა.

ნაშრომის მეორე თავში - „ეკონომიკური აზროვნების „ანტიკური მწვერვალი“, ინტერესით იკითხება ორიგინალურად შერჩეული საკითხების მთელი წყება, როგორიცაა: „ეკონომიკა იძენს სახელწოდებას“;  „იდეალური სახელმწიფოს უტოპიური მოდელი“; „პოლიტიკა და ეკონომიკა“; ეპიკურიზმი და სტოიციზმი.

მომდევნო თავია „ანტიკური რომაული აგრონომიული ეკონომიკური იდეები“, სადაც ავტორისთვის დამახასიათებელი სადა და მიმზიდველი ენით გადმოცემულია აგრონომიული ეკონომიკური თეორიის წინააღმდეგობრივი მიმართულებები.

ნაშრომის ბოლო მეოთხე თავში - „ახალი ფეოდალური ეკონომიკური ხედვები“,  კვლევის არეალში მოქცეულია ისეთი საინტერესო და დღემდე ნაკლებად შესწავლილი პრობლემება, როგორიცაა: „სალიკური კოდექსი“ -  ახალი სამათლებლივი ეკონომიკური ურთიერთობები, „ინსტრუქციები მამულების შესახებ“, „რუსკაია პრავდა“, შოთა რუსთაველის - „ვეფხისტყაოსანი“ და სხვ.

აღნიშნული და ტექსტში განხილული სხვა საკითხები, ეკონომიკური მეცნიერების თუ დოქტრინების ჩამოყალიბებამდე საუკუნეებით ადრე გამოთქმული უაღრესად მნიშვნელოვნი ეკონომიკური მოსაზრებებია, რამაც განაპირობა ეკონომიკური მეცნიერების განვითარება.

წიგნი განკუთვნილია მეცნიერ-ეკონომისტების, სტუდენტების და განხილული საკითხებით ყველა  დაინტერესებული მკითხველისთვის.

2. თეიმურაზ ბერიძე, ირაკლი ბურდული, გიორგი მახარობლიშვილი, ანა ხარაიშვილი, დავით სიხარულიძე,  ვასილ კიკუტაძე, ნინო ლობჟანიძე. რბილი სამართლის გავლენა კორპორაციული მართვის ეფექტიანობაზე. თბ., „იურისტის სამყარო“, - 182 გვ.

წიგნი ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს და წარმოადგენს ეკონომისტი და იურისტი მეცნიერების ერთობლივ  (ინტერდისციპლინურ) გამოკვლევას. ნაშრომის პირველ თავში გადმოცემული კორპორაციული მართვის დოგმატურ-თეორიული საფუძვლების ანალიზი.

მეორე თავში ყურადღება გამახვილებული კორპორაციული მართვის ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილბაზე. დახასიათებულია მართვის როგორც საერთო ნიშნები, ისე ცალკეული ქვეყნისთვის ნიშანდობლივი სპეციფიკა.

ნაშრომის მესამე თავში ხაზგასმულია კვლევის ინტერდისციპლინარული ხასიათი, რამაც, ავტორთა აზრით, განსაზღვრა კვლევის არქიტექტონიკა და ძირითადი მიგნებები.

განსაკუთრებით საყურადღებოა ნაშრომის მეოთხე თავი, რომელშიც გაანალიზებულია საქართველოში მოქმედი ექსი ბანკის, როგორც სააქციო საზოგადოების კორპორატიული მართვის სტრუქტურა.

ნაშრომის მეხუთე თავი ერთგვარ შემაჯამებელ ნაწილს წარმოადგენს და გაანალიზებულია კომპანიის საქმიანობის ეკონომიკური მაჩვენებლები - დაბრუნება აქტივებზე (ROA – returns on assets), დაბრუნება ქონებაზე (ROE – returns on equity). კონკრეტული მაგალითების (ქეისების) განხილვის საფუძველზე დახასიათებული რისკის მართვის პრაქტიკა.

ნაშრომი კარგი შენაძენია ეკონომიკისა და სამართლის მეცნიერების დარგის წარმომადგენლებისთვის. ის გარკვეულ დახმარებას გაუწევს ბიზნესის სფეროში დასაქმებულ მენეჯერებსაც.

3. ნუგზარ პაიჭაძე. ადამიანური რესურსების მართვა. რედაქტორი - ასოცირებული პროფესორი მირონ ტუღუში, თბილისი, 2019, 374გვ.

სახელმძღვანელოს მიზანია მკითხველი აღჭურვოს საბაზრო ეკონომიკის გარემოში ჩამოყალიბებული ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის რაციონალური მექანიზმის ცოდნით. სახელმძღვანელოს ლოგიკურად აგებული სტრუქტურა მოიცავს ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის პრობლემების ფართო წრეს.

სახელმძღვანელოში განხილულია ადამიანური რესურსების მართვის ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა: შრომა და ადამიანური რესურსები, ადამიანური რესურსების მართვის სახელმწიფო სისტემა, ადამიანური რესურსების მართვის ფილოსოფია და კონცეფცია, პიროვნება როგორც მართვის ობიექტი და სუბიექტი, ორგანიზაცია და შრომითი კოლექტივი, ადამიანური რესურსების მართვის სისტემა, ორგანიზაციის საკადრო პოლიტიკა, ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია, ორგანიზაციის  პერსონალის განვითარება და ფუნქციური საკადრო პოლიტიკა, პერსონალის დაგეგმვა,  პერსონალის მოზიდვის, შერჩევის, დაქირავების, განლაგებისა და საქმიანი შეფასების ტექნოლოგია, პერსონალის განვითარებისა და საქმიანი კარიერის მართვა, შრომითი საქმიანობის მოტივაცია და სტიმულირება, ორგანიზაციული კულტურა, პერსონალის საქმიანობის შეფასება, პესრსონალის აუდიტი, კონფლიქტებისა და სტრესების მართვა, ლიდერობა და ხელმძვანელობის სტილი, ადამიანური რესურსების მართვის საზღვარგარეთული გამოდილება.

მოცემული სახელმძღვანელო არის ავტორის წიგნების_ „პერსონალის მართვა“, „შრომის ეკონომიკა“,  “შრომიკს ორგანიზაცია მრეწველობაში“, „ადამიანური რესურსების მანეჯნენტი“ და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე  გამოქვეყნებული მრავალი სტატიის ლოგიკური გაგრძელება. ის დაწერილია მისდამი სახელმწიფო-საგანმანათლებლო სტანდარტის მოთხოვნათა საფუძველზე და მოცემული კურსის ამჟამად  მსოფლიოში მიღებული კონცეფციიის შესაბამისად.

სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებათა სპეიალობების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. ის გამოადგებათ, ასევე, შესაბამისი პროფილის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, აგრეთვე, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებით დაინტერესებულ ხელმძღვანელებსა და სპეციალისტებს.

4. თანამედროვე სახელმძღვანელოს - „საერთაშორისო ეკონომიკა: თეორია და პოლიტიკა.“ თარგმანი ქართულ ენაზე(პოლ  რ. კრუგმანი, მ. ობსტფელდი, მარკ ჯ. მელიტცი. (2018). მეათე გამოცემა. ქართული გამოცემის სამეცნიერო და მთავარი რედაქტორი აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, თბილისი, 753 გვ.).

 თანამედროვე ეპოქაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო       ეკონომიკის სფეროში კადრების მომზადებას. სტუდენტებისათვის   საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ეტაპების,   კანონზომიერებების, თანამედროვე ფორმების, საერთაშორისო ვაჭრობის   თეორიული კონცეფციების, ვაჭრობის პოლიტიკის განხორციელების   ინსტრუმენტების შესახებ თეორიული ცოდნის ჩამოყალიბებას და   თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების   ანალიზის  შედეგად მიღებული დასკვნების შემუშავების უნარ-ჩვევების   გამომუშავებას.

  სწორედ  დროის მოთხოვნებსა და  გამოწვევებს პასუხობს  ეკონომიკაში   ნობელის პრემიის ლაურეატის პოლ  რ. კრუგმანის, მ. ობსტფელდის, მარკ   ჯ. მელიტცის ავტორობით და აკადემიკოსის, ეკონომიკის მეცნიერებათა   დოქტორის, პროფესორ ავთანდილ სილაგაძის სამეცნიერო და მთავარი   რედაქტორობით  თარგმნილი  სახელმძღვანელოს - „საერთაშორისო   ეკონომიკა: თეორია და პოლიტიკა“,  მეათე გამოცემა (თბილისი, 2018,   753 გვ.). ის მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მსგავსად ქართველ     სტუდენტებსაც აძლევს  თანამედროვე სტანდარტების     სახელმძღვანელოთი ცოდნის შეძენის შესაძლებლობას. განსაკუთრებით   ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ მთავარი რედაქტორის, მისი კოლეგების   მიერ სახელმძღვანელოში რიგი ტერმინოლოგიური საკითხი ახლებურად   და  ორიგინალურად არის დასმული, რაც სახელმძღვანელოს   განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

 სახელმძღვანელოს    თან ერთვის გზამკვლევი, რომელშიც მოცემულია   თითოეულ თემასთან დაკავშირული საკითხის   თეორიული და   პრაქტიკული ხასიათის კითხვები, სიტუაციის ანალიზი.

 მთლიანობაში, სახელმძღვანელო დაწერილია მსოფლიოს თანამედროვე გლობალიზაციის მრავალწახნაგოვან სოციალურ-ეკონომიკურ და ინოვაციურ-ტექნოლოგიურ მოვლენათა რაც შეიძლება სრულიად გათვალისწინებით. შესაბამისად, მისი ქართულენოვანი თარგმანის გამოცემა უდავოდ მოსაწონი და მისასალმებელია.